სოციალურ ქსელებში „ძალადობისკენ წაქეზების“ გამო, დიდმა ბრიტანეთმა ირანის ელჩი დაიბარა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონში ირანის ელჩი დაიბარა.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნულის მიზეზი საელჩოს მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული „მიუღებელი და პროვოკაციული კომენტარები“ გახდა.
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივანმა ჰამიშ ფალკონერმა ირანის ელჩს განუცხადა, რომ საელჩოს ქმედებები და კომენტარები სრულიად მიუღებელია და მან უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, „რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც ძალადობის წახალისება დიდ ბრიტანეთში ან საერთაშორისო დონეზე“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააგრძელებს ირანის რეჟიმის კრიტიკას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მისი მავნე ქმედებების, სპარსეთის ყურეში ლონდონის მოკავშირეებზე დაუფიქრებელი თავდასხმების და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობის გამო.
სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ რომელ შეტყობინებებს გულისხმობდა. „მეტროს“ ცნობით, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩომ დიდ ბრიტანეთში ირანულ დიასპორას მოუწოდა, „სიცოცხლე გაწირონ“ „ირანის მიწის დასაცავად“ წამოწყებული ახალი კამპანიისთვის.