“ევროპულმა საქართველომ” თბილისის მერიას 4 თებერვალს, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა
“ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
პარტიის წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, წერილი სიმბოლური დატვირთვისაა და ამით ის დაგეგმილი პროტესტის შესახებ მერიის ინფორმირებას ახდენს.
„4 თებერვალს გრძელდება ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მან გადააგდო ქართველი ხალხი და არ შეასრულა მისი დაპირება პროპორციული არჩევნებთან დაკავშირებით. 4 თებერვალს ყველა ის ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში, ხელახლა დავუბრუნდებით ამ პროცესს. სირცხვილის კორიდორებით და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლების იმ სამარცხვინო წარმომადგენლებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას, როგორც ეს აქამდე იყო. ეს ასევე არ იქნება და მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ჩვენ მივმართავთ მერიას ამის შესახებ და მათ ინფორმირებას ვახდენთ. ჩვენ ვალდებულება მათი ინფორმირების არ გვაქვს, ეს ჩვენი კეთილი ნებაა – თუ მათ მიაჩნიათ, რომ ტექნიკურად რაიმეა მოსაგვარებელი, რაც ხელს შეუშლის ამ ტიპის დემონსტრაციების გამართვას, მოაგვარონ. ეს წერილი არის უფრო სიმბოლური, ვიდრე რაიმე ტიპის ტექნიკური დანიშნულების მქონე”, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.