სხვილოს ციხეზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხეზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება.
ეროვნული კატეგორიის ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის პროექტი მოიცავს მიწის ფართობის გასუფთავებას ბიო საფარის, ნაგვის, მიწა ყრილისგან და ჩამოშლილი ქვებისგან, რომელიც ადგილზე მრავალწლიანი პროცესის შედეგად წარმოიშვა. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც არქიტექტურულ კომპლექსზე არქეოლოგიური ფენების დაზიანების რისკს გამორიცხავს და პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ საკონსერვაციო არქიტექტურულ ფორმებს დაადგენს.
პროექტის მიმდინარეობა სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება, რომლის დასრულების შემდგომ სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება. ტერიტორიის გაწმენდისას საფორტიფიკაციო ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და კედლების კონსერვაციისთვის ხელახლა იქნება გამოყენებული. არქიტექტურულ კომპლექსს მოშორდება 2 ხე, რომელიც ამ დრომდე მის კედლებს აზიანებდა.
სხვილოს ციხის რეაბილიტაციის პროექტი, არქიტექტურული კომპლექსის ინტენსიური ტურისტული ნაკადით დატვირთვის მიზნით, სამომავლოდ მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს. სარეაბილიტაციო ეტაპზე, პროექტის განხორციელების მსვლელობაში ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობაც.
ეროვნული კატეგორიის ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყების პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.
სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა შიდა ქართლში. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე აგებულია XIV საუკუნეში. ისტორიული წყაროების მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ ამ ტერიტორიაზე ციხე განვითარებული შუასაუკუნეებიდან არსებობდა (მატიანე ქართლისა (XI ს.) სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის – გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XVIII საუკუნის შემდგომ საფორტიფიკაციო ნაგებობამ დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა. არქიტექტურული კომპლექსი წარმოადგენს წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მეტრს აღწევს, სისქე კი 2 მეტრს. ნაგებობის ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი. საბრძოლო ბილიკის გასწვრივ განლაგებულია სათოფურები და სალოდეები. ციხის მაღალი კედლები ქონგურებით არის დაგვირგვინებული. ციხის თავსა და ბოლოში თითო კოშკი დგას. ორივე ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო, მათგან მთავარია ჩრდილოეთის კოშკი. თავდაპირველად ციხის ტერიტორიაზე მცირე ზომის ეკლესია იდგა, შემდეგში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, სივიწროვის გამო მას თავზე მეორე ეკლესია დააშენეს. ეკლესიის დასავლეთით ციხის კედელთან დიდი ზომის წყალსაცავია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხეს მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.