ლორა თორნტონი: აშშ და კონგრესი აგრძელებენ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას

აშშ და კონგრესი აგრძელებენ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, – ამის შესახებ „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

თორნტონის თქმით, ეს წერილი მანიშნებელია, რომ მონდომებული არიან, მუდმივად დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს.

“მე თავადაც ვიყავი აშშ-ში და მქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან. მთავარი მესიჯი ამ წერილისა და კომუნიკაციის არის ის, რომ აშშ და კონგრესი აგრძელებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მუდმივად თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ისინი უნდა იყვნენ გახსნილი, რომ თავიანთი წუხილი იქნება თუ სხვა შეფასება, გამოხატონ. ეს წერილიც ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ არიან მონდომებული, მუდმივად დააკვირდნენ, საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი რომ მიმდინარეობს და გრძელდება. განსაკუთრებით, როცა მომავალი არჩევნების წელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლორა თორნტონმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ის საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარს რომ „შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ“, თორნტონი ამბობს, რომ ვერ იტყვის, რას გულისხმობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“ზუსტად ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ბატონი გახარია, თუმცა მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციის ფორმა არ არის ორ მხარეს შორის, პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი იყო აშშ-ში ცოტა ხნის წინ, ასევე კონგრესის წარმომადგენლები გვყავდა ჩამოყვანილი და მათთანაც იყო შეხვედრა. ანუ, მუდმივი შეხვედრები არის და მხოლოდ წერილობითი ფორმა არ აქვს ამ ურთიერთობას.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის მიერ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რეგულარული და მუდმივი საუბარი და ის, რომ ორივე მხარე მუდმივად აწვდიდეს ერთმანეთს ინფორმაციას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა. როგორც წერილშია აღნიშნული, შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, ობიექტურად განიხილოს“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები