ნინო ლომჯარია ციხის მონიტორინგის კადრების გამოყენების საკითხზე პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო სამსახურს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ციხის მონიტორინგის კადრების გამოყენების საკითხზე, პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო სამსახურს მიმართავს.

მისი თქმით, თეა წულუკიანმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა დაარღვია.

“რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ვაპირებთ. კონკრეტულად რა ფორმით ან რა ინფორმაციას მივაწვდით, ეს არის ჯერ კიდევ ჩვენი მხრიდან მსჯელობის საგანი. ჩვენი ინტერესი არის ინფორმატორისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, ამ რისკების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა დოზით შეგვიძლია შევიდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან კომუნიკაციაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის. რაც არ დააზიანებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებებს, იმ დოზით ვითანამშრომლებთ მათთან. მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რაზეც ამ ანგარიშში ვსაუბრობთ, ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სხვათა შორის, ამ ანგარიშშიც ხვდება ონლაინ თამაშების კომპონენტი, როდესაც პატიმრები აღნიშნავენ, რომ ე.წ. “საერთოს“ შეგროვების დროს მათ ოჯახის წევრებს უხდებათ ფულადი თანხების დარიცხვა ონლაინ თამაშების და კაზინოების ანგარიშებზე. ეს სფერო არის არაგამჭირვალე და შესაძლებელია, აქ ბრუნავდეს ის ფული, რომელიც არის უკანონო. თეა წულუკიანმა კანონის დარღვევით გაასაჯაროვა ინფორმაცია, თან იმდაგვარად, რომ არ იყო დაფარული ჩემი წარმომადგენლის სახე. ეს გაასაჯაროვა ისეთ ვითარებაში, რომ არანაირი კანონდარღვევა ან სამართლადარღვევა ჩემი წარმომადგენლის მხრიდან იქ არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია თუ რა გახდა ამ ინფორმაციის შენახვის, და დაარქივების საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშნული კადრი. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპენტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების უკანონო გასაჯაროება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები