გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება – „ნაცმოძრაობა“ ვერ მობრუნდება

ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება, როგორც ადამიანი თავის ყურებს ვერ დაინახავს, ისე ვერ მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ის ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის ცალსახად პოლიტიკური მიკერძოება. ამის დადასტურება და დამტკიცებაც შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ციფრები, ცდომილება და მივხვდებით, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება. მე ამას პოლიტიკურ კორუფციას ვუწოდებ. ფაქტი სახეზეა აქ და მე აღარ მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ლორა თორნტონის ოცნება, რომელიც არასოდეს აღსრულდება. როგორც ადამიანი თავის ყურებს ვერ დაინახავს, ისე ვერ მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, რამდენიც არ უნდა უწეროს ლორა თორნტონმა ქულები. ვერც დავით ბაქრაძე გახდება ოდესმე საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო კარლ ბილდტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ კორუფციაში იყო ჩართული. თავის დროზე ის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 14-ჯერ იყო ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში შვედეთს საელჩოც არ ჰქონია. აღმოჩნდა, რომ მის კომპანიას „ნაცმოძრაობასთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და ყოველთვე ბილდტი წინა ხელისუფლებისგან ასობით ათას ევროს იღებდა. პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი მაგალითია „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ზოგადად კორუფციაშიცაა შემჩნეული. მათ ჰყავდათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი, რომელიც კორუფციაში ამხილეს და იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. მსოფლიო წესრიგი დარღვეულია. აღარ არსებობს კრიტერიუმები, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პოლიტიკური ინსტიტუტი. დღეს პოლიტიკაში და პრესაში სიცრუე მეფობს. როდესაც „ვაშინგტონ პოსტში“ ანონიმური წერილი იბეჭდება, პრესის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბარი უბრალოდ აბსურდია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები