თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მესამედი გამოცხადდა
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3130 აღსაზრდელიდან ბაღებში მხოლოდ 1124 ბავშვი გამოცხადდა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მცირე კონტიგენტი, სავარაუდოდ, ვირუსების გამო დაფიქსირდა.
“რადგან ძალიან გადამდებია ეს ვირუსული ინფექციები, ვფიქრობ, მშობლებმა თავი ამიტომაც შეიკავეს. ჩვენ ყველა ვმუშაობთ, გავხსენით ბაღები, ყველაფერი წესრიგშია,მაგრამ მშობლების შიში ალბათ საფუძვლიანია,“- განაცხადა ია ლუარსაბიშვილმა.
მისივე თქმით,ბაღებში მოქმედებს დროებითი რეგულაციები,რომლის ფარგლებშიც,ბაღებში ბავშვების მიღება გამკაცრებულ რეჟიმში წარიმართება.
“მშობლებს უნდა ვთხოვოთ, რომ გაგებით შეხვდნენ ახალ წესებს. ექთანი ყოველდღიურად შეამოწმებს ბავშვებს და საშიშროების დანახვის შემთხვევაში, მშობლებთან მუდმივი კომუნიკაციის მეშვეობით,ბავშვს სახლში წაიყვანენ,”- განმარტა ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს დირექტორმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ოფისის ინფორმაციით, გასული კვირას კახეთში გრიპით დაავადების 1 109 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია კი 207 პაციენტს დასჭირდა.