დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას, მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები