ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნეს ცენტრი გაიხსნა
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მსგავსი ბიზნეს ცენტრები რეგიონში საინვესტიციო პროცესის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„აჭარაში მოქმედი განკარგულების ფარგლებში განახლდა მნიშვნელოვანი პროექტი – სასტუმრო კემპინსკი და მოეწყო ბიზნეს ცენტრი. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები, სტუდენტები, საქმიანი ადამიანები, კორპორატიული სტუმრები შეძლებენ ბიზნეს ცენტრში მიიღონ საჭირო სერვისი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბიზნეს ცენტრი ლოფტის სტილის მიხედვით არის შესრულებული, განთავსებულია საერთო და ინდივიდუალური სამუშაო ადგილები, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები სივრცეები. ბიზნეს ლოფტში სამუშაო სივრცით და საკონფერენციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.
აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად, ბოლო 1 წელში, აჭარაში, 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა (მათ შორის ე.წ კემპინსკი, ბაბილონი, რუმსი). ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით აჭარაში არცერთი მსხვილი შეჩერებული პროექტი არ არის. აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს, აჭარაში, 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.