ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამართული ღონისძიების ფარგლებში 5 სპორტსმენი დაჯილდოვდა: თინათინ გულბანი (ძიუდო), გიორგი ტორუა (მკლავჭიდი), სარა ბენდელიანი (ტაეკვონდო), ცოტნე დგებუაძე (კალათბურთი) და ალექსანდრე არქანია (კარატე).

„სტიპენდიის მფლობელები ყოველთვიურად ფულად პრიზებს მიიღებენ, რაც მათი სპორტული მიღწევების გაუმჯობესებასა და კარიერის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა ვიტალი დარასელიას მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი,

აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერასა და წახალისებას ემსახურება.

ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში, დადასტურებული მიღწეული შედეგების მიხედვით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები