ბიბილოვი: „საქართველოსთან საზღვარი იქამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ წნელისთან უკანონო ბლოკპოსტი იარსებებს“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „საქართველოსთან “საზღვარი” იქამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ სოფელ წნელისთან უკანონო ბლოკპოსტი იარსებებს“.
ამის შესახებ ბიბილოვმა რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
„მინდა, თქვენთვის გასაგები იყოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ, ლენინგორის (ახალგორი)რაიონში, სადაც გარედან დაძაბულობის შექმნის მცდელობებს აქვს ადგილი. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში არსებობდეს პრობლემები, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. სწორედ ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დახურული იქნება მანამ, ვიდრე სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოებში უკანონო საგუშაგო არ გაუქმდება“, – განაცხადა ბიბილოვმა.