ზუგდიდში დევნილებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილებისთვის ექვსი ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს ადგილზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა სამმართველოს წარმომადგენელთან ზური გერგედავასთან ერთად გაეცნო.

“ბარამიას ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, აქ შენდება ექვსი კორპუსი დევნილი ოჯახებისთვის, სადაც ბინას 720-ი ოჯახი მიიღებს. პროექტის საერთო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს“, – განაცხადა, ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავამ.

დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლის ზური გერგედავას განცხადებით, 720 ბინიდან, 360 ოჯახისთვის ბინების მშენებლობა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, ხოლო დანარჩენი 360 ბინის მშენებლობა კი 2021 წლის იანვარში.

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის 45 მილიონი ლარია გამოყოფილი,პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა 867 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები