აშშ-დან საქართველოში ხორბლის პირველი კომერციული პარტია შემოვიდა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით 30 000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი შემოვიდა.
როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (როგორც ცნობილია 2000 წლის მიჯნაზე, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი, თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი).
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.
დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, რისი წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს.
გვჯერა, რომ საქართველო-აშშ-ს აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.