ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთელის საქმის განხილვა სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხება.
პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკში“ შემოწმება ნამდვილად იყო ჩატარებული.
„ესენი არიან ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 2008 წელს ნამდვილად იყო ჩატარებული „თიბისი ბანკში“ შემოწმება. თუმცა ნამდვილად არ შეუმოწმებიათ კონკრეტულად „სამგორი ემზე“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხები. შემოწმების საფუძველი იყო არა კონკრეტულად ეს სესხები, არამედ ზოგადად საფუძველი იყო ომის შემდგომ პერიოდში რეზერვების შემოწმება. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ინფორმაცია როცა მიიღო გამოძიებამ, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო გამოძიება და მოახდინა სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა სალომე ჩიქობავამ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო ავთანდილ წერეთელს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.