უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: აფხაზეთში, პირველად, ხალხი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ გამოვიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის, ანუ კრემლის მიერ ხელდასმული რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ იმართება – რუსეთისთვის საგანგაშო ნიშანია.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკოლაი მალომუჟმა, ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სოხუმში ვითარება კონტროლს არ დაექვემდებარება, რუსეთი მზად არის ჯარი გამოიყენოს.

„ვფიქრობ, ეს გაყინული კონფლიქტების ისტორიაში ახალი ელემენტია. არც დნესტრისპირეთში, არც აფხაზეთში, არც სხვაგან მსგავსი რამე არ მომხდარა. იყო შიდაკლანური უთანხმოება, მაგრამ, ასეთი რამ, რომ ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყოს – პირველად ხდება“,-აღნიშნა მალომუჟმა.

ექსპერტის თქმით, პროტესტებმა აჩვენა, რომ რეგიონის მოსახლეობა „ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, გარე ძალების გავლენებისა და რუსეთის მხრიდან კონტროლის წინააღმდეგ გამოდის“.

ყოფილი მზვერავი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის „სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის” დრო დადგა, რომლის შედეგად მან შესაძლოა ძალა გამოიყენოს, ტრადიციულად „რუსეთის მოქალაქეებისა და რუსულენოვანი ხალხის დასაცავად“.

„იქ უამრავი ადამიანია, ვისაც რუსული პასპორტი აქვს, ათობით ათასია. მათ შეუძლიათ ეს ფაქტი გამოიყენონ საბაბად. თუ რევოლუცია დაიწყო, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ვითარების გაკონტროლება პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება, ის სამხედროებს გამოიყენებს“,-აღნიშნა მალომუჟმა.

მაგრამ, მისი თქმით, როდესაც ხალხის უმრავლესობა ეროვნული ინტერესების დაცვის პოზიციაზეა, გაერთიანებულია, ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური, არც დიდი ქვეყანა, ვერაფერს გახდება.

„მაშინ, მთელი ერი უნდა გაანადგურო. თუ ყველაფერი აქამდე მიდის, რუსეთი ვერაფერს იზამს. მაგრამ, თუ ეს ლოკალურ ხასიათს ატარებს – ისინი ხალხს ერთმანეთს დააპირისპირებენ“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები