მოსკოვში „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – იულია პოლუხინა დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს
მოსკოვში, “Новая газета”-ს კორესპონდენტის, იულია პოლუხინას საცხოვრებელ სახლში, კრასნოდარის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა, ჩხრეკა ჩაატარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთის რედაქცია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა უკავშირდება მასალას, რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა და შეეხებოდა დონბასსა და ლუგანსკის ტერიტორიებზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ქმედებებს, ასევე კონტრაბანდის ფაქტების გამოძიებას.
„ახალი გაზეთი“ სამართალდამცველებთან ყოველთვის თანამშრომლობს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში გაოგნებული ვართ, რომ ყველაფერი ასე მოხდა: დილით ადრე ორი შვილის დედასთან რამდენიმე გამომძიებელი მივიდა და ამის შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. ამასთან, იულიას ადვოკატმა პეტრე ზაიკინმა არ იცის, დაკითხვაში მონაწილეობის მიზნით სად მივიდეს. ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გვაცნობონ, სად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და მასში მონაწილეობის მიზნით ადვოკატი დაუშვან. ამ ეტაპზე ყველაფერი გატაცებას ჰგავს“,- ნათქვამია განცხადებაში.