“თარგმანში დაკარგულები” – მკითხველისთვის შეთავაზებული შესაბამისი აქცენტები
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 დეკემბერს გაავრცელა განცხადება „დემოკრატიული განვითარება საქართველოში“.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ტექსტის ქართული თარგმანი გამოაქვეყნა და განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება დეპარტამენტმა ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
საელჩოს მიერ გავრცელებულ ქართულ ვერსიაში ნათქვამია: “ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”.
ქართულმა ონლაინმედიამ განცხადება განსხვავებულად თარგმნა და სათაურებიც შესაბამისი აქცენტებით შესთავაზა მკითხველს.
მაგალითად, „ტაბულამ“ და „ნიუპოსტმა“ სათაურში გაიტანეს სიტყვა “დაჟინებით“, რომელიც საელჩოს თარგმანში არ იძებნება.
„ტაბულა“: „სახ.დეპ. ოცნებას: დაჟინებით მოგიწოდებთ, პროკურატურა იყოს თავისუფალი პოლიტ. მიკერძოებისგან“;
„ნიუპოსტი“: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ოცნებას”: დაჟინებით მოგიწოდებთ, პროკურატურა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან“.
პირველი არხის ვებ-გვერდმა სათაურსა და ტექსტში ყურადღება განცხადების იმ ნაწილზე გაამახვილა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს: „მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს, ასევე მხარს ვუჭერთ დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე“.
მოგვიანებით პირველი არხის ვებ-გვერდმა გაავრცელა საელჩოს თარგმანიც და იქვე მოიყვანა დიპლომატიური მისიის განმარტება, რომ განცხადება ჯორჯ კენტისა და “ქართული ოცნების“ დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
რა გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საინფორმაციო საბაბი, სხვა ონლაინგამოცემებს არ დაუწერიათ.
ინგლისურენოვანი ტექსტის არასწორი თარგმანისა და ინტერპრეტირების პრობლემა ქართული მედიისთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოში აშშ-ს იმჟამინდელი ელჩი ჯონ ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებდა.
მანანა მჭედლიშვილი
წყარო: http://mediacritic.ge