„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები სემეკში დამონტაჟებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფუნქციონირებას გაეცნენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს კომისიაში უმასპინძლა და მათ ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს დაათვალიერებინა კომისიაში დამონტაჟებული მზის მიკროელექტროსადგური და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
„სემეკი ყოველთვის მასპინძლობს ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ენერგეტიკის შესახებ, რათა მათ შეძლონ პროფესიის სწორად არჩევა. განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებაზე და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკში მოსწავლეების ვიზიტი, „მწვანე სკოლის“ დამამათავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიული ორიენტირების პროექტის ფარგლებში, კომპანია „გრინ ენერჯის“ ორგანიზებით განხორციელდა.