“თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად გაიზარდა” – გოგიტა თოდრაძე
“თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის მონაცემებით არის 3 914 000, ანუ წინა ათი წლის წინ ჩატარებულ აღწერასთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 200 ათასით არის გაზრდილი.
“წინასწარი მონაცემებით ჩვენ გამოვავლინეთ, რომ საკმაოდ მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი, ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის წილი ათი წლის წინ იყო დაახლოებით 59%, ხოლო დღეს 5%-ით არის გაზრდილი და 64%-ს შეადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. მაგალითად, ბათუმში 10 წლის წინ 153 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი დაახლოებით 235 ათასი. თბილისში დაახლოებით მილიონ ასი ათასის ფარგლებში იყო, ხოლო ახალი მონაცემების მიხედვით – 1 330 000-ის ფარგლებშია.
მომდევნო წლის ივნისში ხელმისაწვდომი იქნება აღწერის ეთნიკური დეტალები, მათ შორის უმცირესობის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების, დასახლებების დონეზე. ამჟამად გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რაც ითვალისწინებდა რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობას მხოლოდ სქესობრივ ჭრილში. სხვა პარამეტრები, როგორიცაა აღმსარებლობა, ასაკობრივი ჯგუფები და სხვა, ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში“, – აღნიშნა თოდრაძემ.