არეშიძე გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე: მაღალი ალბათობით შემიძლია, გითხრათ, რომ დადებითად უნდა გადაწყდეს თუ დღეს არა, მომავალ კვირაში მაინც
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე , საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სერიოზული ბრძოლა მიდის როგორ მოსკოვში, ისე ცხინვალში, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლიდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორ არეშიძემ განმარტა, მაღალი ალბათობით ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს თუ დღეს არა, მომავალ კვირაში მაინც.
„რასაკვირველია, არსებობს ინფრომაცია ღია, ასევე კონფიდენციალური. რაც შეეხება ღია ინფრომაციას უფრო შეფასებითი ნაწილით შემოვიფარგლები. შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული ბრძოლა მიდის შიგნით, როგორ მოსკოვში, ისე ცხინვალში, საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. იციან, რომ ახლოვდება ვადა, როდესაც წინასწარი პატიმრობა უნდა შეწყდეს. აქედან გამომდინარე, საკითხი დგება ასე: ან უნდა აღიარონ, რომ ის არის ტყუილად დაპატიმრებული, ან უნდა გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის დანაშაულს ხაზს გაუსვამს და აქედან გამომდინარე გაგრძელდება პატიმრობა, ასევე შემდგომი სამართლებრივი პროცესები. ამასობაში არის აზრი იმის თაობაზე, რომ რადგან ასეთი ძლიერი ზეწოლაა მსოფლიო სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, მოსკოვს არ უღირს, ეს ტალახი ესროლონ დაუმსახურებლად, როგორც მოსკოვში თვლიან. თუმცა, ყველა არა,მაგრამ რაღაც ნაწილი არსებობს ასეთი ჩინოვნიკებისა , მეორე ნაწილი კი ცდილობს, როგორმე შეუნარჩუნოს ე.წ. სამხრეთ ოსეთს სახე. სახის შენარჩუნება დაახლოებით ასე იკვეთება, ასე ჩანს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე , მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ანგარიშგაწევის თვალსაზრისით გაათავისუფლონ გაფრინდაშვილი. ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს.
სხვათაშორის, ცხინვალშიც ჩემს მეხსიერებაში პირველად გაჩნდა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მხარს უჭერს ე.წ. ჰუმანური მიზნით მის გათავისუფლებას. ასეთებიც არიან, სხვათა შორის ჟურნალისტებში. საკვირველია იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი და დღევანდელი ცხინვალი ცოტა შორსაა ერთმანეთისაგან. ასე, რომ არეული მდგომარეობაა და ცალსახა ინფორმაციას იმის თაობაზე , დღეს გათავისუფლდება ვაჟა გაფრინდაშვილი, თუ უახლოეს დღეებში, ვერ გეტყვით. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ არავინ არის პასიურ მდგომარეობაში, ხელისუფლებას ვგულისხმობ, არც ის ადამიანები საქართველოში, ვისაც ხელეწიფება სიტუაცია შეცვალოს. ძალიან სერიოზული, კოლუარული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჭიდილი მიმდინარეობს და მე ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს თუ დღეს არა, მომავალ კვირაში მაინც“, – განაცხადა არეშიძემ.
არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქცენტების გასაკეთებლად და ეს აქცენტები გაკეთდა.
„რაც შეეხება მხარეების პოზიციას ფაქტთან დაკავშირებით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია: ვაჟა გაფრინდაშვილი რა მიზნით იმყოფებოდა იქ, ამას მნიშვენლობა არ აქვს, იყო ეს ავადმყოფთან ვიზიტი, იყო ეს მისი ავანტიურისტული გადაწყვეტილება, პროტესტის დემონსტრირების მიზნით, იყო ეს სხვა ჩანაფიქრი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას.
ვაჟა გაფრინდაშვილი რომ არ არსებულიყო, უნდა მოგეფიქრებინა. იმიტომ, რომ საქართველომ უზარმაზარი დივიდენდები მიიღო ამ ფაქტიდან. ცინიკურია რასაც მე ვამბობ, მაგრამ ასეა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის მხრიდან, ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო არა მხოლოდ ოფიციალურ ცხინვალზე, რომელიც არავის არ აინტერესებს, არამედ ოფიციალურ მოსკოვზე.
საქმე იქამდე მივიდა რომ კრემლის მხარდამჭერმა ექსპერტებმა დაიწყეს ძალიან სერიოზული პოსტების წერა სოციალურ ქსელში ამ თემის მიმართ. პათოსი ეს იყო – რატომ უნდა ვისვრებოდეთ ტალახში ვიღაცა ცხინვალელების გამო, რატომ უნდა გვაგინებდნენ დამატებით, ისედაც სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქცენტების გასაკეთებლად და ეს აქცენტები გაკეთდა”, – აღნიშნა მან.
თამუნა შეყილაძე