დათა გვასალია: არ უნდა დავუშვათ სიტყვების ისეთი “რახარუხი”, რომელიც სუიციდს გმირობად წარმოაჩენს
სუიციდის არასწორმა ინტერპრეტირებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არსებული რისკჯგუფებისთვის მაპროვოცირებელი ფუნქცია იკისროს, – ამის შესახებ ჟურლანისტი დათა გვასალია სოციალურ ქსელში წერს და 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს.
მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ სუიციდზე ნაკლებს ვისაუბრებთ.
“როდესაც საქმე სუიციდს ეხება, ყველამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, როდესაც მის შესახებ საუბრობს, რადგან არასწორმა ინტერპრეტირებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არსებული რისკჯგუფებისთვის მაპროვოცირებელი ფუნქცია იკისროს. არ უნდა დავუშვათ სიტყვების ისეთი “რახარუხი”, რომელიც სუიციდს გმირობად წარმოაჩენს – სამწუხაროდ ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ისე გროვდება ასეთი ფაქტის ირგვლივ თეზისების კორიანტელი, რომ რთულია ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ინდივიდმა სწორი დასკვნები გააკეთოს. უკეთესი იქნება თუ სუიციდზე ნაკლებს ვისაუბრებთ და მეტს მის, როგორც პრობლემათა კვანძის ყველაზე რთულ მონაკვეთზე, საზოგადოებამ ერთიანად უნდა დაიწყოს ამ კვანძის გახსნა და არა უბრალოდ კვანძის სირთულეზე ისაუბროს, რომელიც სამუდამოდ აბურდული რჩება ხოლმე. თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძებოს კვანძის მცირე მონაკვეთი, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს… რადგან საზოგადოებას, როგორც სოციუმს შეუძლია მისივე შემადგენელი ინდივიდის გარდაქმნა, რბილად რომ ვთქვათ ან კარგი, ან ცუდი მიმართულებით, აქ ჩნდება ის ყველაზე რთული მონაკვეთი, რაზეც ვისაუბრეთ.
ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს, ვუსამძიმრებ მთელს საზოგადოებას,”- წერს დათა გვასალია.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.