ფსიქოლოგის მიმართვა მედიას და საზოგადოებას – “მნიშვნელოვანია, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ სხვა მოზარდები”

ფსიქოლოგი ჟანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში თვითმკვლელობის გაშუქებასა და მედიასტანდარტებზე საუბრობს.

მისი თქმით, თვითმკვლელობას გადადების ეფექტი ახასიათებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტმა სენსაციური ან მარომანტიზებელი ეფექტი არ შექმნას, ასევე, ჟურნალისტურ პროდუქტში სუიციდი არ უნდა იყოს ნაჩვენები როგორც გამოსავალი რთული ვითარებიდან.

“დღეს ლუკა სირაძის გარდაცვალებას ვგლოვობთ მის ოჯახთან ერთად და ალბათ ლუკას ხსოვნის პატივსაცემად მნიშვნელოვანია, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ სხვა მოზარდები.

თვითმკვლელობას ახასიათებს გადადების ეფექტი. თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, ერთ გახმაურებულ თვითმკვლელობას შესაძლოა, მოჰყვეს თვითმკვლელობების ტალღა, რომელსაც უწოდებენ “ვერტერის ეფექტს” (გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”-ს გამოქვეყნებას მოჰყვა თვითმკვლელობების მთელი რიგი და ამის შესაბამისად დაერქვა). ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იქნება გაშუქებული თვითმკვლელობა და ამაზე მედიასტანდარტებიც არსებობს, ჩვენს ჟურნალისტურ ქარტიასაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული. სტანდარტები გულისხმობს, რომ თვითმკვლელობა არ უნდა იყოს ნაჩვენები, როგორც გამოსავალი რთული ვითარებიდან, გაშუქება არ უნდა იყოს სენსაციური, არ უნდა იყოს მარომანტიზებელი, თვითმკვლელობის ხერხზე არ უნდა იყოს საუბარი, არ უნდა იყოს დაყვანილი ერთ მარტივ მიზეზამდე და ა.შ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან მოზარდები, განსაკუთრებით თუ მოზარდი ჩადის სუიციდს, აი ამონარიდი ჟურნალისტური ქარტიის სუიციდის გაშუქების სტანდარტიდან:

“მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.”

კიდევ ერთი ამონარიდი გაშუქების სტანდარტიდან: “ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით.

სათაურში მოერიდეთ სიტყვების „თვითმკვლელობა”, „სუიციდი“ გამოყენებას.
ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.”

მაგრამ ახლა, სოციალური მედიის საუკუნეში, ჩვენ ყველა ერთგვარი ჟურნალისტები ვართ და ეს სტანდარტები ყოველ ჩვენთაგანს ეხება.

ამიტომ დავფიქრდეთ, როგორ ვაზიარებთ ჩვენს გულისტკივილს ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ არ ვავნოთ სხვა მოზარდებს. ასევე, მოვუწოდებდი მოზარდების მშობლებს, რომ ელაპარაკონ შვილებს ამ თემაზე – თუ შვილს გარკვეული შეკითხვები აქვს, შეეცადონ, რომ ერთად იფიქრონ ამ შეკითხვებზე, ეძიონ პასუხები, შევეცადოთ, რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი მოზარდი შვილები ამ უბედურებაზე ფიქრში,” – წერს ჟანა ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები