ცხინვალი: თბილისის დესტრუქციულმა პოზიციამ, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი ინციდენტები გამოიწვიოს
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი წნელისთან „საქართველოს სამართალდამცველების გააქტიურებაზე” საუბრობს, ასევე დაფიქსირებული აქვს “ქართული მხარის მხრიდან სროლის შემთხვევები“. ამის შესახებ ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„დეკემბრის დასაწყისიდან მესაზღვრეები აფიქსირებენ საქართველოს შსს პირადი შემადგენლობის ყოველდღიურ როტაციას, ასევე ტაქტიკური ჩანაფიქრის რეალიზებას, რაც დასაყრდენი პუნქტის გახსნას გულისხმობს.
13-15 დეკემბრის პერიოდში, დაფიქსირებულია უსაფუძვლო სროლის ფაქტები, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან, ასევე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის ღამის საათებში.
15 დეკემბერს, ასევე სოფელ ოძისთან საქართველოს მოქალაქეებმა, ძირითადად ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაშია ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები არა მხოლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ, არამედ პოლიტიკურ მოთხოვნებსაც აყენებდნენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გაუქმებას გულისხმობდა.
თბილისის რეჟიმის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც კრიზისული ვითარების დარეგულირების დიპლომატიურ ფორმებსა და მეთოდებს უგულებელყოფს, რეგიონალურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს და არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე ინციდენტები გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.