„სხვა სიცოცხლე“ ყველანაირ გზას ეძებს, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია“

ბავშვობიდან წერდა ლექსებს. ჩანახატებს, ხატავდა. უმეტესად პორტრეტებს ხატავს და მეგობრებს ჩუქნის.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სხვა სიცოცხლის“ დამაარსებელია.
მეგობრებთან ერთად რეგიონებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან, მოხუცთა თავშესაფრებში მართავენ პოეზიის საღამოებს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უმთავრესი მაინც ის ეკლესია-მონასტრებია, რომლებიც ჩვენს ყურადღებას და პატრონობას საჭიროებს.
ამბობს, რომ ყველა მისი ფიქრი და გეგმა საქართველოს უკავშირდება, და რომ შეეძლოს, სამყაროს უფრო ფერადს ნათელს და კეთილს გახდიდა. – გიორგი ყელბერაშვილის პერსონა.

–  იმ წლებში გაუსაძლისი ყოფა იყო სრულიად საქართველოში, ბავშვობა მაინც კარგად მახსენდება. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა თავი ბედნიერად მეგრძნო. ამ ამაგისთვის უდიდესი მადლობა მათ. ყოველთვის კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ვიყავი ბავშვობიდან, ეს თვისებები ჩემში დღემდეა.
პროფესიაზე სკოლის ბოლომდე არ მიფიქრია, რადგან თავიდანვე დიდი ინტერესს იწვევდა ჩემში როგორც მწერლობა, ასევე – მხატვრობაც და მუსიკაც.
ყველა ფიქრობდა, რომ პროფესიად მხატვრობას ავირჩევდი, თუმცა ასე არ მოხდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში წერასა და ხატვას თავისი ადგილი უკავია და ოდესმე აუცილებლად ვიტყვი ამ მხრივ ჩემს სათქმელს.
ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდი. გიყვარს ხელოვნება, ხატავ, წერ მოთხრობებს… როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთად?
–  მართალია ჩემი პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ წერისთვის დრო ყოველთვის მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ასე პირდაპირ შეიძლება ვერ მიიღოს სოციუმმა ჩემი სათქმელი, ვცდილობ, ნაწარმოებებიდან გადმოვცე სათქმელი. რაც უფრო სავსეა გულწრფელი ემოციებით ნაწარმოები, მით უფრო დადებითად აისახება მკითხველზეც, – აი, სწორედ ამას ემსახურება ჩემი იდეებიც.
პირველი ნაწერები…
– პირველად ლექსებს ვწერდი… ხატვა 13 წლის ასაკში დავიწყე, შემდგომ ჩანახატებსა და პროზაში მოვსინჯე საკუთარი თავი. დროსთან ერთად კი საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა ჩემს ნაწარმოებებს, რამაც გარკვეულ პასუხისმგებლობამდე მიმიყვანა მკითხველის მიმართ. მკითხველს ვერ მოატყუებ, ის ზუსტად გრძნობს, თუ რამდენი გრძნობა ჩადე ნაწარმოებში.
2006-2007 წლებში, რამდენიმე კონკურსში აქტიურად ვმონაწილეობდი და ხატვის მხრივ ეს ჩემი პირველი გამოწვევა, პირველი ნაბიჯები და წარმატება იყო. ის ბავშვური განცდები დღემდე მახსოვს.
უმეტესად პორტრეტებს ვხატავ  და მრავალი მეგობრისთვის მიმიცია სახსოვრად.
2017 წელს საქველმოქმედო ორგანიზაცისხვა სიცოცხლე დააარსე…
–  „სხვა სიცოცხლის“ დაარსებამდე საკმაოდ დიდი და რთული გზა იყო. მაშინ ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ნაკლებად ვერკვეოდი საქველმოქმედო სფეროში, თუმცა სხვების დახმარების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ერთი წუთითაც არ მიფიქრია უკან დახევაზე.
2014 წელს საინიციატივო ჯგუფით დაიწყო და პირველად სწორედ მაშინ ეწოდა „სხვა სიცოცხლე“, თუმცა მალევე ჯგუფი დაიშალა, სამწუხაროდ, 2017-ში ხელახლა ვცადე და ამჯერად წარმატებით გამოვიდა.
გია გობეჩია პირველი დღეებიდანვე ჩემ გვერდით იყო, მოგვიანებით საბა საბანაძე, მზიკო ხელაძე, დაჩი ზარიანდია და ლადო ანდიაშვილი შემოგვიერთდნენ. ერთი წლის შემდგომ კი – შორენა ბადაგაძე, ნანუკა არაბული, დათო ბელიკოვი და ჩემი ძმა ლაშა ყელბერაშვილი. მადლობა მათ მეგობრული ღვაწლისთვის.
შენ და შენი მეგობრები დაინტერესებული ხართ ჰუჯაბის ბედით…
– როგორც ვიცით, მარნეულის ეპარქიაში მდებარე ჰუჯაბის მონასტერი საზღვრის მიღმა მოექცა გაურკვეველი მიზეზების გამო და ქართველ ხალხს არ აქვს ამ ისტორიული ძეგლის დაცვის შესაძლებლობა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სხვა სიცოცხლე“ ყველანაირ გზას ეძებს, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია.
ორგანიზაციის თითქმის სამწლიან პერიოდში არაერთი ეკლესია-მონასტერი აღმოვაჩინეთ აზერბაიჯანული მოსახლეობის ეზოებში, დაწყებულია მოლაპარაკებები, ამ ეზოებიდან ჩვენი ეკლესიების გამოსათავისუფლებლად. სწორედ ეს არის ყველაზე ამაღელვებელი და ღირებული ჩემს განვლილ ცხოვრებაში.
– ვინ არიან ის ახალგაზრდები, ვინც ქველმოქმედებას ეწევა შენთან ერთად?
– ორგანიზაციაში, ძირითადად, ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შევხვდი. ჩვენ ერთიანი ძალებით დავდივართ რეგიონებში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, მოხუცთა თავშესაფრებში ვაწყობთ პოეზიის საღამოებს და ისევ და ისევ, უმთავრესი მაინც ჩვენი ეკლესია-მონასტრებია… ვცდილობთ, დავიცვათ ისინი, რადგან თუ არა ჩვენ, ეს ისტორიული მემკვიდრეობა მთლიანად მიწაში ჩაიმარხება და მომავალ თაობებს აღარ ეცოდინება, რომ აქ ოდესმე ეკლესია იყო.
მალე გამოვა შენი წიგნი…  რისი თქმა გინდა მკითხველისთვის?
– „სიყვარული ნათელ ფერებში“ არის წიგნი ადამიანურ ურთიერთობებზე, მათ სისუსტეებსა და ტრაგიზმზე, რომლის მოქმედებაც თანამედროვე თბილისში ხდება. ეს ჩემი პირველი წიგნია და, ვფიქრობ, მასში უამრავი ემოცია დავტოვე, რასაც მკითხველიც გრძნობს.
გამომცემლობებთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, ვინმეს ყურადღებას მიიპყრობს. ამ წიგნით ისევ მეტი სიკეთისა და სიყვარულის გადმოცემა მსურს, რადგან ვთვლი, რომ ზოგადად ირგვლივ ღიმილის დეფიციტია. მინდა ქართველ ხალხს დავუბრუნო უკეთესი მომავლის რწმენა.
 როდის ხატავ და წერ?
– წერას გვიან ღამით ვიწყებ და ეს იმდენად საინტერესო და ხანგრძლივი პროცესია, რომ ხანდახან ვერც კი გამიგია, როგორ გათენებულა.
 რას ეტყოდი შენს თაობას, ახალგაზრდებს?
– ჩემს თაობას ვეტყოდი იმას, რომ დროა, გავაგრძელოთ ის ისტორია, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ნუ იტყვით იმას, რომ თქვენ ეს არ გამოგივათ. მთავარია, მეტი დადებითი ემოცია გავცვალოთ ერთმანეთში და ენთუზიაზმის ნაპერწკალი არასდროს ჩამქრალიყოს.
ამაყი ვარ, რომ საქართველოს შვილი ვარ და მინდა მისთვის ბევრად მეტი და ღირებული შევქმნა ჩემს თაობასთან ერთად.
ჰობი…
– მიყვარს მუსიკა, წიგნის კითხვა და ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობა, – ეს არის ჩემი ჰობიც, ინტერესიც და ჩემი ცხოვრებაც.
 რას შეცვლიდი შენ ირგვლივ?
–  სამყაროს უფრო ფერადს ნათელს და კეთილს გავხდიდი. ჩემი სამყარო კი საქართველოა.
– სამომავლო გეგმები…
–  ყველა ჩემი გეგმა ჩემს ქვეყანას უავშირდება და ვცდილობ კიდეც, წამოწყებული საქმეები უფრო და უფრო განვავითარო. გავაერთიანო უამრავი ადამიანი და მოვიდეს დრო, როცა ყველა იამაყებს ქართული გენით.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები