ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ს ახალ სამმართველოზე: პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება, მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სპეციალური სამმართველოში, რომლის ძირითადი  ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება, პირველ ეტაპზე, აქცენტი გაკეთდება შსს-ს მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც გამოცდილება აქვს და მოხდება ამ კადრების აკუმულირება სხვადასხვა დანაყოფებიდან.

როგორც დარახველიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, სამმართველო ეტაპობრივად შეივსება ახალი კადრებით, რომლებიც გაივლიან შესაბამის გადამზადებას.

„1 ივნისი საკმაოდ მოკლე ვადაა და ამ შემთხვევაში, აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება და მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან. შესაბამისად, პირველ ეტაპზე არსებული კადრებით დაკომპლექტდება. თუმცა, ეტაპობრივად შეივსება ახალი კადრებით, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული სამუშაო დოკუმენტები შევიმუშაოთ, სახელმძღვანელოები, კონკრეტული ტრენინგ მოდულები შემუშავდება და ეს ხალხი გაივლის გადამზადებას. ასევე, ის თანამშრომლები, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, გარკვეულ მენტორობასაც გაუწევენ. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია, საკმაოდ სიღრმისეული და კვალიფიციური ცოდნა სჭირდება ასეთი ტიპის დარღვევებზე რეაგირებას, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდებით და მომზადებული ვიქნებით იმისათვის, რომ ეფექტურად აღვასრულოთ თითოეული ის დანაწესი, რომელიც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ახალი სამმართველოს მუშაობის სპეციფიკისა და თანამშრომლებით დაკომპლექტებაზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები