ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ სომხეთს, სომეხ ხალხს, მადლობა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც აქვს გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ
ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე ბრიუსელის გარკვეული ძალების დამოკიდებულება საქართველოსა და სომხეთის მიმართ.
„რაც შეეხება სომხეთთან შედარებას, ჩვენთვის ეს ცოტა უხერხული თემაა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მეზობლები, გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. აქედან გამომდინარე, ჩვენგან არასწორია შევედაროთ სომხეთს. ამაში არ შევალთ, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება ჩვენ. მაგრამ, ზოგადად შევაფასებ იმ მცდელობებს, რასაც ვხედავთ აქაც ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით. ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება ვერავითარი კუთხით, ვერც ერთი მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ სომხეთთან დაკავშირებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც აქვს გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ეს არის გამოხატული მეგობრულ ურთიერთობებში, მათ შორის უშუალოდ მთავრობებს შორის. მან პირდაპირ ისიც კი თქვა, რომ საქართველოს გარეშე სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბარი იყო წარმოუდგენელი. ამას რა განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ესეც გახსოვთ. მან თქვა, რომ სომხეთი არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს შუა აზიას ევროპასთან. როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, – განაცხადა პრემიერმა.