ალექსანდრე დარახველიძე – სიძულვილის ენის შესახებ: თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით
„არცერთ ქვეყანაში არ გვინახავს, რომ ეს ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება იყოს. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უწყებაში ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის ფუნქციაც სიძულვილის ენის გამოვლენა და მასზე რეაგირება იქნება.
როგორც დარახველიძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განმარტა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, წამყვან ევროპულ ქვეყნებში, არა მხოლოდ ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა, არამედ ცილისწამებაც კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
„დეტალური კვლევა გავაკეთეთ სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი ბაზის და პრაქტიკის, როგორ ხდება ამ ნორმის გამოყენება. მინდა გითხრათ, რომ არცერთ ქვეყანაში არ გვინახავს, რომ ეს ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება იყოს. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.
არა მხოლოდ ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა, არამედ ცილისწამებაც კი არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. მაშინ, როდესაც ჩვენთან ცილისწამება საერთოდ დასჯადი ქმედება არ არის. ბევრი ქვეყანა, მათ შორის წამყვანი ევროპული ქვეყნები, ამ ქმედებას სისხლის სამართლის წესით სჯიან.
ბევრი ქვეყანა იყენებს სხვადასხვა ტიპის სასჯელებს, ძირითადად არის ჯარიმები გამოყენებული და საკმაოდ მაღალი ჯარიმებია, რამდენიმე ათას ევროზეა საუბარი. ასევე, ბევრ ქვეყანას აქვს პროაქტიული და კვარტალური ანგარიშგების სისტემა. მაგალითად, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კონკრეტული მოხსენებები პარლამენტის წინაშე სიძულვილის ენის და სხვადასხვა მსგავსი ტიპის გამოვლინებებთან დაკავშირებით. აკეთებენ ანგარიშებს და წარადგენენ კონკრეტულ შედეგებს გამოვლენილ ქმედებებთან დაკავშირებით.
გერმანიას აქვს საკმაოდ დეტალური საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით და არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც, მათ შორის, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ სიძულვილის ენას, მოუწიათ სასამართლოს წინაშე წარდგენა და თავიანთ გამონათქვამებზე პასუხისგება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.