პრემიერი: ამ თაობისთვის, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, მთავარია, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, რაც უზრუნველყოფილია ბოლო წლების განმავლობაში
ამ თაობის როლი იქნება განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა შედის განვითარების ძალიან საინტერესო ფაზაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თაობისთვის, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.
„ამ თაობის როლი იქნება განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა შედის განვითარების ძალიან საინტერესო ფაზაში. რომ გავიხსენო ჩემი სტუდენტობის დრო, იყო 90-იანი წლები, უმძიმესი პერიოდი და მას შემდეგაც ათწლეულების მანძილზე ძალიან რთულად განვითარდა პროცესები, გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ 2 000-იანი წლები, თავისი ეკონომიკური პრობლემებით, დემოკრატიული უკუსვლით და ა.შ.
ვფიქრობ, რომ ამ თაობისთვის, ვინც ახლა აბარებს უნივერსიტეტებში, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, დაიწყებენ საკუთარი კარიერის განვითარებას. მთავარია, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, რაც არის უზრუნველყოფილი ბოლო წლების განმავლობაში.
ჩვენ ვზრუნავთ ასევე უშუალოდ განათლების სისტემის გაჯანსაღებაზე. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ თაობას არ მოუსწრებს ეს იმიტომ, რომ ძირითადი შედეგები უნდა დადგეს 3-4 წელიწადში, სწორედ მას შემდეგ, რაც ეს თაობა დაამთავრებს სწავლას უნივერსიტეტში. თუმცა, ვფიქრობ, ამ დროის ინტერვალშიც უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგები იქნება, რითაც ეს სტუდენტები, წლევანდელი კურსდამთავრებულები ისარგებლებენ.
რაც მთავარია, ვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ამ ტენდენციების შენარჩუნებით პერსპექტივები იქნება ბევრად უფრო ფართო ამ თაობისთვის, 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, ვიდრე შეიძლებოდა ეს სხვაგვარი განვითარების პირობებში ყოფილიყო.
რაც მთავარია, ყველა უნდა იყოს მოტივირებული იმისათვის, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საკუთარი ქვეყნისთვის და სწორედ საკუთარ ქვეყანას მოახმაროს ის ცოდნა, რომელსაც მიიღებს. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.