ალექსანდრე დარახველიძე – სიძულვილის ენის მონიტორინგზე: გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სახდელები, მათ შორის, ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წარმოების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სახდელები, მათ შორის, ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა.
როგორც მინისტრის მოადგილემ „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, სასამართლოს შეუძლია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შენიშვნით შემოიფარგლოს, რაც პრევენციული ხასიათის იქნება.
„ეს იქცა ყოველდღიურობად, არაერთი პოსტის კომენტარებში შევხვდებით უაზრო და უსაგნო ლანძღვა-გინებას, რომელიც ბევრი ადამიანის ღირსებას ლახავს. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება კონსტიტუციით და ჩვენი კანონმდებლობით, რომ დაიცვას ამ ადამიანების ღირსება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სახდელები, როგორც ფულადი სახდელები, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული პატიმრობაც კი არის განსაზღვრული. თუმცა, ამავე დროს, სასამართლოს შეუძლია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, თუ არის შემამსუბუქებელი გარემოება და ა.შ. გამოიყენოს შენიშვნა, რაც იქნება პრევენციული ხასიათის, რომ შემდგომში ადამიანმა ასეთი ქმედება არ გაიმეოროს. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტებით, რაც ევროპულ სასამართლოს აქვს დადგენილი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტით და კრიტერიუმებით, რასაც ამბობს კანონი, ეს არის: ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ამის შემდეგ უნდა იყოს სუბიექტი, ვისაც მიმემართება ეს ლანძღვა-გინება და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ეს მიზნად ისახავდა რაიმე ღირებული კრიტიკის განხორციელებას თუ უბრალოდ იყო ვულგარული და უხამსი გამონათქვამები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ამბობს სტრასბურგი, რომ კონტექსტში უნდა შეფასდეს, რა გარემოებაში იქნა ნათქვამი და რა მიზანი ჰქონდა მას.
მაგალითად: მილაძის საქმე, რომელიც საია-მ წაიღო და სტრასბურგს მიმართა, ეს თავიდან ბოლომდე შეისწავლა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც სასამართლო პრაქტიკა, ასევე ის საკანონმდებლო ბაზა, რაც საქართველოს გააჩნია. სავსებით და სრულად თავსებადად ჩათვალა ის პროცესები, რაც საქართველოში ვითარდება და დარღვევა ვერ ნახა ამ პროცესში. პირიქით, თქვა, რომ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება იმ მსჯელობის სტანდარტს და იმ მოთხოვნებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სასამართლო პრაქტიკით არის დადგენილი“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.