ირაკლი კობახიძე: თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტებს უხაროდათ, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ შეექმნებოდათ პრობლემები.

„გახსოვთ, როგორ ისტერიულად სვამდნენ კითხვებს ე.წ. ჟურნალისტები ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველანაირი სახე დაკარგეს. მახსოვს, იყო მომენტი, როდესაც „იმედის“, „პოსტივის“ და სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოხატეს ამ ტელევიზიების წარმომადგენლების მიმართ, 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ამ ტელევიზიების წარმომადგენლებს ყველაზე მეტი ზიანი მიადგათ. ეს სოლიდარობა იყო აბსოლუტურად გულწრფელი. მაშინ ერთ-ერთმა დეპუტატმა კითხვა დაუსვა ჟურნალისტებს, პარლამენტის შენობაში, მათი მხრიდან რომ ასეთი სოლიდარობა იყო გამოხატული, საპირისპირო რომ მომხდარიყო, იგივეს იზამდნენ თუ არა „ტვ პირველის“, „მთავარის“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები. ამაზე პასუხი იყო, რომ არ იზამდნენ, ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავემსგავსებითო. ზუსტად ეს ვიხილეთ. თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მე მახსოვს ე.წ ჟურნალისტების ისტერიკა. „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტების დაკარგული სახე, როგორ უხაროდათ ის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ შეექმნებოდათ პრობლემები. ეს იყო ოპტიმისტური მოლოდინი, მათ შორის, შესაბამისი ბრიტანელი ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ მაშინვე დავპირდით ყველას, რომ ტელევიზიებს და მედიის თავისუფლებას საქართველოში არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდა. რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა 2012 წლიდან, იმაზე ვართ პასუხისმგებელი დღესაც და ვიქნებით პასუხისმგებელი ხვალაც. ეს ყველაფერი ასეც მოხდა, მაგრამ მაშინ ფაქტია, რომ ადგილობრივ აგენტურასაც და მათ უცხოელ პატრონებსაც ჰქონდათ სხვა რამის იმედი. რაც შეეხება ევროპარლამენტში მომხდარს, ეს უფრო ისტერიული ნაბიჯი მგონია, ვიდრე ოპტიმისტურ მოლოდინებზე გათვლილი ქმედება. ვხედავთ, რამდენად უსუსურია ის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ქართველი ხალხის სიმშვიდის დარღვევას. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მართლები არ არიან. იმდენად არ არიან მართლები საკუთარ ნაბიჯებში, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ აღწევენ წარმატებას. იმდენად უსამართლო და არასწორია ის ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ, იმდენად დაცლილია ეს ყველაფერი ღირებულებებისგან, რომ საბოლოო ჯამში, ბოროტს სძლევს კეთილი. ბოროტმა ვერ სძლია კეთილს, ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც ბრიტანული მხრიდან დაწესდა სანქციები „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ, როდესაც ევროპარლამენტმა დაუწესა ლოკალური სანქციები ტელევიზიების ჟურნალისტებს. ბოროტება არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ამ უსამართლობით ვერ აღწევენ შედეგს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები