პარიზში დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართება – მოლოდინები და სამიტის წინაპირობა
პარიზში დღეს, „ნორმანდიული ოთხეული“ შეიკრიბება. უკრაინის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის პირველი პირების ბოლო შეხვედრა სამი წლის წინ შედგა. სამიტის მიზანია უკრაინის დონბასში შექმნილი კრიზისის დარეგულირება.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, უკრაინული დელეგაციის საკვანძო ელემენტია ცეცხლის შეწყვეტა, საზღვრებზე კონტროლის დამყარება და უკანონო შეირაღებული დანაყოფების ტერიტორიიდან გაყვანა.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა “მივემგზავრებით, პირველ რიგში, რუსეთის ციხეებში მყოფი ტყვეების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამო. ეს არის ჩვენი წითელი ხაზი, რომელსაც ერთი მილიმეტრითაც არ გადავუხვევთ“.
აღსანიშნავია, რომ პარიზში დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა. მანამდე, უკრაინის პირველი პირი, ფრანგ და გერმანელ კოლეგებსაც შეხვდება.
„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის წინაპირობა.
„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრას წინ მინსკის შეთანხმებების ზოგიერთი პუნქტის, ასევე შტაინმაიერის ე.წ. ფორმულის ნაწილობრივი შესრულება უძღოდა. კერძოდ, შეხვედრამდე მოხდა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან ჯარის გაყვანა, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წელს მოხდა, თუმცა პირობა არ შესრულებულა. გარდა ამისა, რუსეთი და უკრაინა რიგ დათმობებზე წავიდნენ. სექტემბრის დასაწყისში მოსკოვმა და კიევმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნდნენ ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და რეჟისორი ოლეგ სენცოვი. რუსეთს კი, ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი და ვლადიმერ ცემახი დაუბრუნეს. ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთმა, ასევე უკრაინას ქერჩის სრუტეში დაკავებული გემებიც დაუბრუნა, თუმცა აღნიშნა, რომ ყირიმის სანაპიროსთან „მოწყობილი პროვოკაციის გამოძიება გაგრძელდება“. დღევანდელ შეხვედრას საერთაშორისო საზოგადოებაც დიდი იმედით აკვირდება. კერძოდ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინისგან „მნიშვნელოვან ნაბიჯებს“ ელოდებიან. რომის პაპი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის ილოცებს, რადგან „დონბასს მშვიდობა სჭირდება“. თუმცა, შეხვედრას უკრაინაში სკეპტიკურად უყურებენ. 8 დეკემბერს კიევის ცენტრში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აქცია გაიმართა. ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოუწოდებს მოქმედ ლიდერს პუტინთან პირისპირ შეხვედრა არ გამართოს.
ასევე, მისი აზრით, რუსეთის პირობებზე დათანხმება კაპიტულაციას ნიშნავს.
რას ნიშნავს „ნორმანდიული ოთხეული“
„ნორმანდიული ოთხეულის“ფორმატს საფუძველი 2014 წლის 6 ივნისს ჩაეყარა, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელების შეხვედრა, პირველად, შატო-დე-ბენუვილში, ნორმანდია (საფრანგეთში) გაიმართა. როგორც საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, მან სამშვიდობო მისიის შესრულება, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გადაწყვიტა. ლიდერების მომდევნო შეხვედრა, რომელიც 17 საათის განმავლობაში გაგრძელდა, 2015 წლის 11-12 თებერვალს, მინსკში ჩატარდა, რომლის შედეგად მინსკის შეთანხმება შედგა, ასევე იქნა მიღებული ამ შეთანხმების შესრულებისთვის ზომათა კომპლექსი. ლიდერების მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 2 ოქტომბერს პარიზში გაიმართა, რა დროსაც „ნორმანდიული ოთხეული“ შეთანხმდა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება ერთ წელიწადში ვერ მოხერხდებოდა. 2016 წლის ოქტომბერში ლიდერები ბერლინში შეიკრიბნენ და მხოლოდ იმის მიღწევას შეძლეს, რომ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ „საგზაო რუკის“ ხელმოწერა ნოემბრის ბოლომდე მინსკის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ოთხეული არ შეკრებილა.
მინსკის შეთანხმება – რა წერია დოკუმენტში, რომელიც 17 საათიანი მსჯელობის შემდეგ იქნა ხელმოწერილი.
1. 2015 წლის 15 თებერვალს უნდა მოხდეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
2. ორივე მხარის მიერ მძიმე შეიარაღების გაყვანა, უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით, მინიმუმ 50 კმ დაშორებით, რომელიც უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტიდან არაუგვიანეს ორი დღისა და პროცესი 14 დღეში უნდა დასრულდეს;
3. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს და ვერიფიკაციას უზრუნველყოფს ეუთოს მისია;
4. უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მიზნით, უკრაინის კანომდებლობის შესაბამისად;
5. ისეთი კანონის მიღება, რომელიც კრძალავს იმ პირების დასჯას და დევნას, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ჩართული;
6. ყველა პატიმრის გათავისუფლება;
7. ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების და შენახვის უზრუნველყოფა;
8. დონბასის ტერიტორიებთან სოციალურ-ეკონომიკური კავშირების დამყარება, პენსიების გაცემის ჩათვლით;
9. უკრაინის მთავრობის მხრიდან სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლის დამყარება, რომელიც ადგილობრივი არჩევნებიდან მეორე დღეს უნდა დაიწყოს და 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს;
10. უცხო ქვეყნის ყველა შეიარაღებული დანაყოფის და სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ყველა უკანონო ჯგუფის განაიარაღება.
11. საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება და 2015 წლის ბოლოსთვის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომელიც დეცენტრალიზაცის გულისხმობს, ასევე წლის ბოლომდე, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღება; განსაკუთრებული სტატუსი გულისხმობს; დასჯისგან, დისკრიმინაციისგან და დევნისგან იმ პირთა გათავისუფლებას, ვინც კონფლიქტში მონაწილოებდა; ენობრივი თვითგამორკვევის უფლების მინიჭება; ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობა პროკურატურის და სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნაში; ტერიტორიების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა; ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებთან ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერა; სახალხო მილიციის დანაყოფების შექმნა.