გიგი უგულავა: თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელს” არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელს” არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.
უგულავას თქმით, მათი მთავარი ამოცანა კანონის მიღებაა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ წვალებაში და ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ამ მშობიარობაში, ვამშობიაროთ “ქართული ოცნება“ და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია, რომელიც ჩვენ ეუთო-ს ოფისს გავუგზავნეთ. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ შენელდება, პროტესტი გაგრძელდება. ამავე დროს, თუ რამე გამოსავალი აქვთ, მათ შეუძლიათ დადონ მაგიდაზე, განვიხილოთ. ჩვენ მივყვებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სადამდეც ჩათვლიან საჭიროდ, რომ არსებობს რესურსი ლაპარაკის, მანამდე ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ. ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული კიდევ იჯიუტებს, მაშინ გამოვა, რომ გადააგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მარგინალიზაციის გზას ადგას სწორედ “ქართული ოცნება“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ფორმატის ავტორები და ინიციატორები საერთაშორიო პარტნიორები არიან.
“ფორმატს რაც შეეხება, ამის ავტორი და ინიციატორები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოღონდ “ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით. ფორმატის დადგენაში ჩვენ მინიმალურად ვმონაწილეობთ. წინა შეხვედრაზეც პრინციპულად დავაყენეთ საკითხი და ამ შეხვედრაზეც დავაყენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ “ქართული ოცნება“ “ჭედავს“ აქ, ანუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არაფერ შუაში არ არიან, ისინიც ამ საკითხს აყენებენ. მე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ “ქართული ოცნება“ დათანხმდა და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ბატონი გიორგი ვაშაძე შეუერთდება მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები