“ცოლს დღე და ღამე სცემდა, სიმამრიც მაგან მოკლა, თოფიც ესროლა და ყელიც გამოჭრა” – რას ყვებიან ადგილობრივები სიღნაღში მომხდარი მკვლელობის შესახებ 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია. მოკლული ფირუზ გოგინაშვილი მისმა შვილმა, თემურ გოგინაშვილმა იპოვა. როგორც მან “რეგიონულ კვირას” განუცხადა მამამისი თავის არეში, სანადირო თოფით მოკლეს.

“სახლში მარტო იყო, როცა შინ დავბრუნდი გარდაცვლილი დამხვდა, მთელი სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი”, – ამბობს გარდაცვლილის შვილი.
თემურ გოგინაშვილი მკვლელის ვინაობაზე დაზუსტებით ვერ საუბრობს და გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოკლულს სიძესთან კონფლიქტი ჰქონდა, უარყოფს. თუმცა აღნიშნავს, რომ დის ოჯახთან ურთიერთობა მისი დაოჯახების დღიდან არ ჰქონიათ.
“3 წელია ჩემი დის ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, ვერ ვიტყვი დანამდვილებით ვის შეიძლება მოეკლა მამა, შეიძლება ეს ჩემი სიძე ან ნებისმიერი ვინმე ყოფილიყო”, – განმარტავს თემურ გოგინაშვილი.

შვილისგან განსხვავებით მოკლულის ნათესავი სიძის კრიმინალურ წარსულზე ღიად საუბრობს. ამირან ჯანგულაშვილის თქმით, გარდაცვლილის ქალიშვილმა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის გულისთვის ქმარ-შვილი დატოვა, რის შემდეგაც გოგინაშვილებმა მასზე უარი თქვეს.
“ცოლად რომ გაყვა, არ მოსწონდათ, იმან ცოლ-შვილი დატოვა, ამან ქმარ-შვილი მიატოვა. ჩემი ბიძაშვილი უკონფლიქტო ადამიანი იყო. სიძე ახალი გამოსული იყო ციხიდან და აი, ეს საშინელებაც ჩაიდინა, სხვაზე ვერავიზე ვფიქრობთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომ”,- აღნიშნა ამირან ჯანგულაშვილმა.

მკვლელობის ერთ-ერთი ვერსიას, რომ სიძემ სიმამრი მოკლა, ეჭვმიტანილის თანასოფლელებიც ადასტურებენ. “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, რომ არჩილ ჯანგულაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და მას “გამწარებით ემუქრებოდა”.
“ცოლს დღე და ღამე სცემდა, ოჯახი გამწარებული ყავდა. თავისი სიმამრიც მაგან მოკლა, თოფიც ესროლა და ყელიც გამოჭრა. ცოლთან ჩხუბი მოსვლია, მისთვის უთქვამს გაგამწარებო და მამა მოუკლა”, – აცხადებს სიმონ უსენაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის სიძე, არჩილ ჯანგულაშვილია, რომელიც მიმალვაში იმყოფება და მასზე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები