“სახლის მეპატრონემ პასუხი გაგვცეს სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს?” – კუმისის ტბაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილის ნათესავები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ
მან იცოდა ჩვენი ადგილსამყოფელი, რატომ არ შეგვატყობინა, ან პოსტი რომ დადო, რატომ წაშალა, პასუხი გაგვცეს სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს? – ამის შესახებ 23 ნოემბერს გარდაცვლილი მანუჩარ ცეცხლაძის ოჯახის წევრები “რეგიონულ კვირასთან” საუბრობენ და მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.
ქობულეთის სოფელ მუხაესტეტში მცხოვრები 42 წლის კაცი რუსთავში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა, ბოლოს ის ქობულეთში ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მანუჩარ ცეცხლაძე რუსთავში გამგზავრებიდან რამდენიმე დღეში, სოფელ კუმისში მეგობრის სახლში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც დადგინდა მეგობრის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ახალგაზრდა კაცი 2 ძაღლთან ერთად სახლში ცოცხლად დაიწვა.
ოჯახი ირწმუნება, რომ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეტყობინება არ მიუღიათ და მანუჩარის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგეს. შეტყობინება თავად მანუჩარ ცეცხლაძის მეგობარმა დაწერა, სადაც ის ფაქტის შესახებ ყვებოდა, ცოტა ხანში კი პოსტი წაშალა. ცეცხლაძეები სოფელ კუმისში ჩავიდნენ და გარდაცვლილის მეგობარს პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ არ შეატყობინა უბედური შემთხვევის შესახებ ოჯახს.
“არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, მეგობრობდა ამ ადამიანთან, მან იცოდა ჩვენი ადგილსამყოფელი, რატომ არ შეგვატყობინა, ან პოსტი რომ დადო, რატომ წაშალა, პასუხი გაგვცეს სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს? ეჭვი გვაქვს მასზე, გამოძიება კი ხელს აფარებს, არც იცოდა პოლიციამ, ან იცოდა და მალავს. როგორ შეიძლება ორი დღის განმავლობაში მორგში იყოს გარდაცვლილი ასეთ ვითარებაში და არაფერი არ იცოდნენ. დაგვეხმარეთ, მედიასაშუალებებს ვთხოვთ, დახმარებას სხვა იმედი აღარ დაგვრჩა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა, გულიკო ცეცხლაძე
საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს გარდაცვლილის დაც. მაია ცეცხლაძე “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ გარდაცვლილი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. მისივე თქმით, შემთხვევის ღამეს მას ფული და ძვირადღირებული ტელეფონი ჰქონდა. მაია ცეცხლაძე არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ ეს იყო. თუმცა გაძარცვეს და მერე მოკლეს თუ მოკლულს ამოაცალეს ჯიბიდან ტექნიკა და ფული და შემდეგ დაწვეს სახლში, მისთვის უცნობია. გარდაცვლილის და შესაბამისი უწყებებისგან დროულ რეაგირებას ელოდება.
“ჩვენ არ გავჩერდებით, ამ ამბავს არ დავტოვებთ უყურადღებოდ, ძმა მომიკლეს, ეჭვის საფუძველი მაქვს, ფული და ძვირადღირებული ტელეფონი ჰქონდა ჯიბეში. არცერთი აღარ ჰქონდა გარდაცვლილს, როდესაც ჩვენ ვნახეთ. მიცვალებულს მიწას მივაბარებთ და მერე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, -ამბობს მაია ცეცხლაძე.
მანუჩარ ცეცხლაძის ახლობლები გამოძიების ვერსიას არ იზიარებენ და ფიქრობენ, რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დასაფარად, საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ წინასწარი ვერსიით, აღნიშნული პირი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.