ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
დღეს ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე თემაზე – „თავისუფალი არჩევნები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“ მოხსენებით წარსდგა.
,,მაქვს პატივი, როგორც მერმა, წარმოვადგინო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი – ფოთი, ქალაქი, რომელიც ისტორიულად და ღირებულებით ევროპული სივრცის ორგანული ნაწილია.
ჩვენთვის ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი – ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სუვერენიტეტის პატივისცემას. სწორედ ამ პრინციპებზე ვაშენებთ ჩვენ ჩვენს სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ მმართველობას.
გვსურს, მკაფიოდ და პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სრულფასოვან გამოხატულებას.
ფოთში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და საარჩევნო პროცესში უშუალოდ ჩართულმა პირმა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ამომრჩეველთან პირდაპირი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში ჩვენ ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებსა და ინიციატივებზე იყო დაფუძნებული.
ამავე დროს, სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ჩაერთო მსგავსი ტიპის დიალოგში ადგილობრივ საზოგადოებასთან და საკუთარი პოლიტიკური კამპანია, ძირითადად, ააგო გარე შეფასებებსა და რეზოლუციებზე.
არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნები ჩატარდა თანამედროვე, ელექტრონული სისტემების გამოყენებით – იმ სტანდარტებით, რომლებიც სრულად გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, შედეგების მიუღებლობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ვერ იქნება საფუძველი დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ელექტრონული სისტემის სანდოობა ოპოზიციის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა – პირიქით, ისინი მას მიესალმებოდნენ. თუმცა, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს – ფოთში რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა უარი განაცხადა კონკურენციის გაგრძელებაზე, რაც თავისთავად მიუთითებს არა სისტემურ პრობლემებზე, არამედ ქართველი ხალხის მხრიდან მათ მიმართ ნდობის ნაკლებობაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის, ადგილობრივ არჩევებზე ოპოზიციური კანდიდატის მოხსნის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. რაც კიდევ უფრო ამყარებს არჩევნებისადმი ჩვენი მოსახლეობის ნდობას.
ამავდროულად, მაღალი საარჩევნო აქტივობა ადასტურებს მოქალაქეთა ნდობას იმ რეფორმებისა და პროექტების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება, ობიექტურობა და პასუხისმგებლიანი დიალოგი – არის ის პრინციპები, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი საერთო თანამშრომლობა.
ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, რომელიც დგას ევროპული ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებზე: ადამიანის ღირსებაზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფოთის მერმა.
პლენარული სესია სტრასბურგიში 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის საკრებულოს წევრები მონაწილეობენ.