ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფელმა 2 წლის გოგონა დაკბინა

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, 2 წლის ბავშვი ჯგუფელმა დაკბინა. ამის შესახებ მშობელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

ფაქტს არ უარყოფენ სააღმზრდელო დაწესებულებაშიც. ამბობენ, რომ აღმზრდელსა და მის თანაშემწეს საყვედური გამოუცხადეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბაღის გამგემ ლეილა აბაშიძემ განუცხადა, ფაქტი 20 დღის წინ მოხდა.

“ოცი დღის წინ, ბავშვებმა გაიღვიძეს და ჩაცმის დროს, ერთმა ბავშვმა მეორე დაკბინა. გოგონას ლოყაზე ორი ნაკბენი აქვს. ბავშვს ადგილზევე დაუმუშავდა სახე, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდით,სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ და ექიმს ვაჩვენეთ. სერიოზული არაფერი ყოფილა. მშობელსაც შევატყობინეთ. ინციდენტის შემდეგ, აღსაზრდელი  სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩვეულებრივად დადიოდა, გუშინ საშემოდგომო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. მშობელმა ფაქტის შესახებ მხოლოდ ერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თუმცა აღმზრდელებზე გაბრაზებული არ ყოფილა. სოციალურ ქსელში მისი სტატუსის დაწერას არ ველოდით. მაინტერესებს თუ გაბრაზებული იყო, აქამდე რატომ არ მოახდინა რეაგირება”, – განაცხადა ლეილა აბაშიძემ.

დაზარალებულის დედამ ნათია ჯაყელმა ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბარში გამგეს ნაამბობი უარყო. ის ამბობს, რომ შემთხვევა 8 დღის წინ მოხდა, თუმცა ინციდენტის შესახებ მშობელმა მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც დაწესებულებიდან ბავშვი გაყავდა. პერსონალის გამოკითხვის დროს, თუ რატომ ჰქონდა ბავშვს სახეზე რამდენიმე ნაკბენი, აღმზრდელების ნაამბობიდან, ნათია ფიქრობს, რომ მცირეწლოვანს მძინარე მდგომარეობაში უკბინეს. მშობელი იმ ფსიქოლოგიურ სტრესზეც ყვება, რაც ბავშვმა საბავშვო ბაღში მიიღო.
“ცრუობს გამგე, როდესაც ამბობს, რომ შემთხვევა 20 დღის წინ მოხდა. ეს იყო 8 დღის წინ და არავის დაურეკავს ჩემთვის, როდესაც დავინახე ბავშვი, კარაქი ესვა სახეზე და სალფეთქი ედო, არანაირი სამედიცინო დახმარება არ ჰქონდა გაწეული. დავიწყე გარკვევა რა მოუვიდა ბავშვს და ვინ მიაყენა ზიანი, აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს მძინარე მდგომარეობაში უკბინა ჯგუფელმა. ისიც მითხრეს, რომ ბავშვი, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემს შვილს, გაირიცხებოდა ბაღიდან, რაზეც კატეგორიულად უარი განვაცხადე. უბრალოდ, მეტი ყურადღება მოეთხოვებოდა აღმზრდელებს. არ არის ბავშვების ის რაოდენობა მეთვალყურეობის გარეშე რომ დაგრჩეს რომელიმე. კიდევ ერთი სიცრუე, როდესაც გამგე ამბობს ორი ნაკბენი აქვს ბავშვსო, 5 ნაკბენი აქვს სახეზე და დღემდე არ მორჩენილა ნაიარევი. ბავშვი ფსიქოლოგიურად არის დასტრესილი, ბაღში წასვლა არ მოინდომა და მაგიტომაც გამოვიყვანე. ახლაც რომ გესაუბრებით კალთაშია და შეშინებულია”, – ამბობს ნათია ჯაყელი

“რეგიონული კვირა” ბავშვის მამასაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

კერძო სააღმზრდელო დაწესებულება ერთი წელია ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღში 54 აღსაზრდელია, რომელთაც სამი აღმზრდელი და სამი ძიძა უვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები