საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO), სადაც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ევროპარლამენტსა და ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში. ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, შეხვდნენ ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის (TBC) წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს, საქართველოს ეკლესიის მხრიდან სემინარზე “ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“ მოხსენებით წარდგნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) და დელეგაციის სხვა წევრები.

“ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უშუალო, დამხმარე ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე, საუბარი ევროპისა და ნატოს უმაღლესი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ობიექტური ინფორმაციის გაცვლა. გამოიკვეთა სამომავლო ურთიერთობის ახალი ეტაპი და დაისახა თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვისკენ, საერთო ქრისტიანული ფასეულობების შენებისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, აღინიშნა, რომ ამ პროცესებში განსაკუთრებულია მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური ჩართულობა და მისი ღია ურთიერთობა საზოგადოებასთან.

საგულისხმოა, რომ უახლოეს მომავალში, უშუალო და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში,”- აღნიშნულია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მასში სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები