ხუნდაძე: როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები იძულებულები გახდებიან, გაითვალსიწინონ ეს

როცა მოსახლეობის 70 %-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები კარგი გაგებით, იძულებულები გახდებიან, გაითვალსიწინონ მოსახლეობის აზრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე დეპუტატების მიზანია, ინიციატივის მხარდასაჭერად 200 000 ხელმოწერა მოაგროვონ.

ამასთან, აღნიშნულ ინიციატივაზე მოსახლეობის ინფორმირება მოახდინონ.
„დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ხმათა რაოდენობის მოპოვება, რომელიც ინიცირებისთვის იქნება საკმარისი, 76 ხმის მოგროვება არარეალურია, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მეორე, ალტერნატიული გზა, ანუ ინიცირებისთვის საჭიროა 200 000 მხარდამჭერის ხელმოწერა. მაშინ უკვე ხდება ინიცირებული კანონპროექტის განხილვა.
საზოგადოებაში თემას კიდევ უფრო აქტუალურს და ჟღერადს გავხდით. როცა მოსახლეობის 70 %-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები კარგი გაგებით, იძულებულები გახდებიან, გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი და მხარი დაუჭირონ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

ჩვენი მიზანია, მოსახლეობაში ვიმუშაოთ, რომ მათი შინაგანი მოთხოვნა გავხადოთ ჟღერადი და გასაგონი იმ ოპოზიციისთვისაც, ვინც რევოლუციური გზით ცდილობს, შემოვიდეს პარლამენტში, ან, ვთქვათ ის საზოგადოება და არასამთავრობოების ერთი ნაწილი, რომელიც თავის თავს ხატავს, თითქოსდა, მთელი საზოგადოება ითხოვდა პრპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს სწორი არ არის“, – განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება გარკვეულ გამოკითხვების, რითიც ვლინდება, რომ მოქალაქეებმა არ იციან, ვინაა, მათი მაჟორიტარი, ამასთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ხშირად შავი პიარის ნაწილია.

„ეს ზოგჯერ რელობაა, მაგრამ ხშირად შავი პიარის ნაწილია, რომ საზოგადოებაში მაჟორიტარების დისკრედიტაცია მოხდეს, თუმცა არსებობს ისეთი მაჟორიტარიც, რომელიც არ მუშობს აქტიურად მოსახლეობასთან და შესაძლებელია, მის მიმართ დაბალი ცნობადობა იყოს. თუმცა, როცა ამომრჩეველი იძლევა ასეთ პასუხს, რომ არ იცნობს მაჯჟორიტარს, ვფიქრობ, აქ ამომრჩეველშიცაა პრობლემა, მაშინ როგორ აირჩია, თუ არ იცნობს?“ – აცხადებს ხუნდაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები