ბიბილოვის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში: „ილია მეორეს განცხადება სასაცილოა“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მეთაურის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს პასუხობს, რომელმაც რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა.
რუსეთის პატრიარქის გადაწყვეტილებით, რუსეთის სასულიერო კოლეჯების კურსდამთავრებულებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში გაგზავნიან.
ილია მეორეს წერილში ნათქვამია, რომ „საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ მიუღებელია“.
სონია ხუბაევა აცხადებს, რომ „აგვისტოს მოვლენების შედეგად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის რაიონში(ახალგორი) ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მსახურობენ, რომელთა მიმართაც მსგავსი ტონი არავის გამოუყენებია.
“საქართველოს კათოლოკოსის განცხადება, ჩემი აზრით, სასიცილოა. ამის საპასუხოდ, ჩვენ შეგვეძლო მოგვეთხოვა ლენინგორიდან სასულიერო პირების გაყვანა. იმდენი რამ ხდება ქართველებსა და ოსებს შორის და ქართული ეკლესია ამ საკითხებში ყოველთვის უარყოფითად ერეოდა. ეკლესია სახელმწიფოსგან არის გამიჯნული. მაგრამ, ის აქტიურად ერევა, როგორც ხედავთ. სამხრეთ ოსეთში შეჩვეული არიან, რომ ქართული ეკლესიის მხრიდან პასუხები და რეაქციები ყოველთვის აბსოლუტურად არაადეკვატურია“, – აცხადებს ხუბაევა.