გიორგი ანდრიაძე: ყველა მართლმადიდებელმა უნდა დატოვოს „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია, მათ შეუძლიათ, მე დამიკავშირდნენ

ყველა მართლმადიდებელმა ვინც იძულებული იყო , გაწევრიანებულიყო „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაში, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ორგანიზაცია, მათ შეუძლიათ, მე დამიკავშირდნენ, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, „ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ „კვირას“ განუცხადა.

გიორგი ანდრიაძე სამტრედიაში ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის წესის აგების გარეშე დაკრძალვის ფაქტს გამოეხმაურა.

წესის აგებაზე უარი მართლმამდიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ამის მოტივი კი ორგანიზაციში, “ბიბლიური თავისუფლება” ბარამიძის წევრობა გახდა.
ორგანიზაცია ახალგაზრდებს ეხმარება, სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდონ.

„შაკო ბარამიძე ფორმალურად იყო გაფორმებული ამ ორგანიზაციაში, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი შედგა. აქედან 2 დასკვნა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ: პირველი ის, რომ ყველა მართლმადიდებელმა, ვინც იძულებული იყო მაქინაციის გამო გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ორგანიზაცია, მათ შეუძლიათ, მე დამიკავშირდნენ, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მეორე – თუ საკითხი გადაეცა წმინდა სინოდს განსახილველად, მე, როგორც მართლმადიდებლური სჯულის კანონის პროფესორი, გამოვდივარ მოკრძალებული ინიციატივით და წინადადებით, რომ იკონომიის კუთხით მოხდეს საკითხის განხილვა და მჯერა, რომ პატრიარქი ასეც გააკეთებს, რომ აღნიშნულ პიროვნებას აეგოს წესი, ვინაიდან ის იძულებული გახდა გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში და ის სხვა მსოფლმხედველობის ადამიანი არანაირად არ ყოფილა. რაც შეეხება სახელმწიფოს – მან უნდა დაშალოს ეს არაკანონიერი გერთიანება, რომელიც თავიდანვე უკანონოდ შეიქმნა“, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე განმარტებით, მანაც დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც თურქეთში არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს. როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შეუძლიათ, „გირჩის“ ორგანიზაციიდან „კატაკომბურ ეკლესიაში“ გადმოეწერნონ და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ასე გათავისუფლდნენ.

„ჩვენ დიდი ხანია ვეხმარებით ახალგაზრდებს. თუ სახელმწიფო თავისი უკანონო კანონით ხელს უწყობს სექტანტური ორგანიზაციების განვითარებას, ჩვენ იგივე კანონი გამოვიყენეთ სხვანაირად და ადამიანი რჩება მართლმადიდებლად, არ მოუწევს „გირჩში“ გაწევრიანება, რომ ჯარს, ანუ მონურ სამსახურს დააღწიოს თავი. სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ დროულად შეცვალოს სამხედრო კანონმდებლობა, პირადად ჩემი ინიციატივაა, რომ იყოს საყოველთაო-სარეზერვო სამსახური“, – განაცხადა ანდრიაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მეუფე პეტრეს განცხადებებზე ისაუბრებს.
„ხვალ ვისაუბრებ პეტრე (პაატა) ცაავას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ქმედებების შესახებ, რომელიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, „ნაციონლურ მოძრაობასთან“ ალიანსს ვგულისხმობ“ – განაცხადა ანდრიაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები