მამუკა ხაზარაძე: როგორც იქნა გავერკვიე რაში გვდებენ ბრალს

როგორც იქნა გავერკვიე რაში გვდებენ ბრალს და თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%-იანი სარგებლით ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

“ორი საკითხი მინდა გამოვყო. როგორც იქნა გავერკვიე რაში გვდებენ ბრალს და შესაბამისად მინდა გავაკეთო პირველი განმარტება, თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%-იანი სარგებლით ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვისაც სესხი აუღია მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი უნდა იყოს ჩვენთან ერთად. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა.

მეორე საკითხი არის პოლიტიკური და ის ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, პირადად ჩვენი, იმ ადამიანების და ამომრჩევლების ვისაც კისერში ამოუვიდა ის მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა, რომ ვერაფრით შეგვაშინებ, ვერ გაგვაჩერებ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ. ეს ქვეყანა არ არის თქვენი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი. მე გპირდებით, რომ იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება ამ რეალობას შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ ძალიან გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. ასე მინდა მივმართო, ოცნების ე.წ. უცხოეთში განათლება მიღებულ ან აქ დიპლომ აღებულ ახალგაზრდებს გრცხვენოდეთ, რომ ასეთ რეჟიმს ემსახურებით. თქვენ არ გაგაჩნიათ გეგმა, მიზანი და თავმოყვარეობა”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ. პროკურატურა მათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა – დანაშაულს ედავება. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები