ჭიათურის მერი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, პარლამენტარი დიმიტრი მხეიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრები სოფელ მღვიმევში, ხალიფაურში, წირქვალსა და თაბაგრებში გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ქვეყნის განვითარების სამთავრობო გეგმა გააცნეს და იმ პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.
სოფლის მოსახლეობამ ძირითად პრობლემებად საავტომობილო გზების მოწესრიგება, სასმელი წყლით მომარაგება და გაზიფიცირების საკითხები წამოჭრა.
ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.