ირანში, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ქვეყნის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სააგენტო ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, სასამართლომ ბრალდებული უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ინფორმაციის გადაცემაში დამნაშავედ ცნო. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თეირანის დასავლეთ გარეუბანთან ახლოს ისრაელთან წინა სამხედრო კონფლიქტის დროს დააკავეს. მას ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში ადანაშაულებდნენ.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, საქმე ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას უკავშირდებოდა.
ერთი დღით ადრე, ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, გოლამ ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ, განაცხადა, რომ ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისა და მათი სახელით ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულებს სიკვდილით დასჯა ან ქონების სრული კონფისკაცია ემუქრებათ.