ზვიად ტომარაძე: თბილისში მშენებლობების ბუმია, ახალაშენებული კორპუსების აივნებიდან კი უცხოელები იმზირებიან

ბინადრობის უფლების გაძვირებამ მიგრანტების ნაკადი ვერ შეამცირა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ლიდერმა ზვიად ტომარაძემ საგაზეთო ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

როგორც გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ტომარაძე აღნიშნავს, საქართველო უცხოელებისთვის სხვადასხვა გარემოებების შედეგად მიმზიდველი გახდა.

“ბინადრობის უფლების გაძვირებამ მიგრანტების ნაკადი ვერ შეამცირა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება კი გაცილებით მეტი ღონისძიების გატარებას მოითხოვს. საქართველო სხვადასხვა გარემოების შედეგად მიმზიდველი გახდა უცხოელებისთვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს მასობრივი მიგრაციის პროცესი. წყლის დეფიციტის გამო მილიონობით ადამიანი ტოვებს მშობლიურ კერებს და უკეთეს პირობებში დასამკვიდრებლად მიემგზავრება. მათთვის საქართველოში საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე პოლიტიკურ კრიზისებზე, შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომელიც საკუთარ ქვეყნებში დევნილ უცხოტომელებს საქართველოში მასობრივად ჩამოსახლებისკენ უბიძგებს. ამასობაში სამშენებლო კომპანიებს ორმაგი მოგება აქვთ და კორპუსების მშენებლობას ჟრიამულით განაგრძობენ. ახალაშენებული კორპუსების აივნებიდან უცხოელები იმზირებიან. ზოგ კორპუსში ისინი უმრავლესობასაც წარმოადგენენ და უკვე, ქართულის პარალელურად, კედლებზე სხვადასხვა ენაზე დაწერილ განცხადებებსაც ხშირად დაინახავთ. ქართველი ხალხი, შესაძლოა, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. საფრთხე რეალურია და განსაცდელიც უფრო ახლოსაა, ვიდრე გვგონია”, – განმარტა ტომარაძემ.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ, საინიციატივო ჯგუფმა 23 ადამიანის შემადგენლობით, საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით მის მიერვე დაწერილი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად შეიტანა, თუმცა ის ამ დრომდე არ განუხილავთ.

“ერთი წლის წინათ საინიციატივო ჯგუფმა 23 ადამიანის შემადგენლობით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ ჩემი დაწერილი და 35 ათასი მოქალაქის ხელმოწერით გამყარებული კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერილ კანონპროექტს ამოქმედება არ ეწერა. დრო მაქსიმალურად გააჭინაურეს, მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებმა მოისმინეს, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პროექტი დღემდე არ განუხილავს. ივნისში ვისარგებლე ჩემი უფლებით და პარლამენტის ბიუროს ვთხოვე, საკითხი პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გაეტანათ. პასუხად ოფიციალური წერილით მაცნობეს, რომ პროექტის განხილვა მიმდინარე წლის 13 სექტემბრამდე მოხდებოდა. მას შემდეგ, თვეზე მეტი გავიდა. განიხილეს 2019 წელს შეტანილი ყველა კანონპროექტი, თუმცა, ეს კანონპროექტი, რომელიც გაცილებით ადრე- 2018 წელს არის შეტანილი, არც გახსენებით”,- აღნიშნა ტომარაძემ.

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ლიდერის განმარტებით, უცხოელებზე ბინადრობის უფლება კვლავ იყიდება, იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლებამ ბინადრობის უფლება გააძვირა.

“უცხოელებზე ბინადრობის უფლება კვლავ იყიდება, იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლებამ ბინადრობის უფლება გააძვირა. ადრე უცხოელს 35 000 დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში უნდა შეეძინა საკუთრება და იუსტიციის სახლში ამ საკუთრების დამადასტურებელი საბუთი წარედგინა, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთწლიანი ბინადრობის უფლება მოეპოვებინა. ერთი წლის განმავლობაში უცხოელი შეძენილ საკუთრებას თუ არ გაყიდდა, ბინადრობის უფლება კიდევ 1 წლით უგრძელდებოდა და ასე გაგრძელდებოდა იქამდე, ვიდრე საკუთრება ექნებოდა. ფაქტობრივად, ამ კანონის ფარგლებში, უცხოელს საქართველოში განუსაზღვრელი ვადით ლეგალურად შეეძლო ცხოვრება. ახალი კანონის ფარგლებში ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ტარიფი გაიზარდა და ამჟამად 100 ათას დოლარს შეადგენს”,- აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები