დიმიტრი ხუნდაძე: “გამჭვირვალობიდან” განხორციელდა ზარი და ბოდიში მომიხადეს იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დეპუტატი “თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში” “გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.

“ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არცერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან იმიტომ, რომ ის იქ არ მუშაობს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს.

“არ შეხედოთ “გამჭვირვალობას”, შეხედეთ რეალობას. “გამჭვირვალობის” დაჯერებამ ზოგჯერ, შესაძლოა, უხერხულობაც შექმნას და დღევანდელ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი პატივსაცემი ჟურნალისტები უხერხულში ჩავარდნენ. “გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს და დღეს როცა შემოვდიოდი, გზა გადამიღობა პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტმა და დასვეს კითხვა, რატომ მუშაობს ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში და იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არცერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ელემენტარულად, ის იქ არ მუშაობს. რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი “გამჭვირვალობიდან”, პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არცთუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ, რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველები”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ, სადაც “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტს განიხილავდნენ.​

ცნობისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები