არჩილ თალაკვაძე: საქართველო და კორეის რესპუბლიკა იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს

საქართველო და კორეის რესპუბლიკა იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, შესაბამისად, ჩვენ ვართ ბუნებრივი პარტნიორები და მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, მუნ ჰი-სანგი მიღებისას განაცხადა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საინვესტიციო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მნიშვნელობაზე და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

არჩილ თალაკვაძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეეხო.

ქართულმა მხარემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ და მუნ ჰი-სანგმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეას შორის არსებული სექტორული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე ოპერირებენ უმსხვილესი კორეული კომპანიები, იზრდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და ფართოვდება კულტურული, აკადემიური და სამეცნიერო კავშირები.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქტიური და მზარდი საპარლამენტო კავშირები არის დასტური იმის, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის უფრო ძლიერი როგორც არასოდეს წარსულში. მისი განცხადებით, ურთიერთობების გაღრმავებისთვის მაქსიმუმი კეთდება ორივე ქვეყნის მხრიდან.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ეკონომიკას და კიდევ უფრო მეტად ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში და საერთაშორისო ბაზრებში.

“დღეს გვქონდა პირველი დისკუსია ჩემს კოლეგასთან საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ , სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორთან ჩვენ შევძლებთ ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. ასევე ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე რაც აქვს საქართველოს რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია კორეის რეფორმები, ეკონომიკური მიმართულებები და მიღწევები განვიხილოთ და კიდევ მეტად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს პარლამენტის სტამბისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

“ველი რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს და პარლამენტებს შორის. ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ შედეგებს და ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებობს და ამასთან, შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში”,-განაცხადა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუნ ჰი-სანგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები