დავით ზალკალიანი: არ მინდა დავით გარეჯს სადავო საკითხი დავარქვა, რადგანაც აზერბაიჯანთან სადავო საკითხები არ გვაქვს

„არ მინდა, სადავო საკითხები დავარქვა ამას, რადგანაც მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს. ეს არის ღია საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაცია – დემარკაციასთან. ეს არის ის უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ გადაწყდა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

​მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან და სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, პროცესი დეესკალაციისკენ და სიტუაციის მოგვარებისკენ უნდა წავიდეს.

„იცით, რომ შეფერხებული იყო სადელიმიტაციო – სადემარკაციო კომისიის საქმიანობა და ჩვენ განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. კომისიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და უკვე შევუდექით საქმიანობას. ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. პირველ შეხვედრას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, იყო პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე გასვლის კუთხით და იქ ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისის მიმართულებით. ორივე მიმართულებით დაახლოებით 66-67% საზღვრის არის შეთანხმებული, ღიად დარჩენილია დაახლოებით 30%. ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში აუცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მთავარია, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა წავიდეთ დეესკალაციისკენ და სიტუაციის მოგვარებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
​როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან მზაობაა, რომ აღნიშნულ თემაზე მომდევნო შეხვედრა საქართველოში გაიმართოს.
„პარალელურად, რა თქმა უნდა, კომისიამ უნდა გააგრძელოს კომისიის ფარგლებში არსებულ ყველა თემატიკაზე მსჯელობა. გვაქვს იმის განცდა, რომ უახლოესი კომისიის შეხვედრა უკვე თბილისში გაიმართება. ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან მზაობაა, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტიც შეაფასა. მისი თქმით, არის განცდა, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც იყო დაკეტვამდე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ გვაკავშირებს გეოგრაფია და ისტორია. ისტორია კი არ უნდა იყოს ჩვენი გამყოფი, არამედ უნდა იყოს გამაერთიანებელი. ვიზიარებთ მის ამ პათოსს, მხარს ვუჭერთ და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო შეთანხმება რაც არსებობს, არის 1996 წელს გაფორმებული შესაბამისი ოქმი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ იმ კომისიის ფარგლებში, რათა იყოს მაქსიმალურად დაცული ჩვენი ინტერესები, საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ამ თემაზე იყო ძალიან სერიოზული საუბარი. გვაქვს განცდა, რომ არის მზაობა, პოლიტიკური ნება, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც იყო დაკეტვამდე და იმ სამწუხარო ინციდენტებამდე, რომლებიც მოჰყვა ამ პროცესს. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმულია და ამის შედეგად მოჰყვა ის, რომ სამღვდელოებისთვის გაიხსნა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები