ეკა ბესელია: ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება სახეზეა

ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უკვე სახეზეა, ეს არის ღია კონფლიქტი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს პროკურატურას ესტუმრებოდა.

“ღია კონფლიქტი რომ არ არსებობდეს, ასეთი ღია გალაშქრება პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიმართ არ მოხდებოდა. თან ეს არ ხდება ხოლმე ინდივიდუალურ რეჟიმში, ხდება მაშინ, როდესაც პოზიციები შეთანხმებულია. რაც შეეხება ამ პროცესის მეორე ნაწილს, ხალხთან ანგარიშვალდებულება განსაკუთრებით თანამდებობის პირებს აკისრიათ, მით უფრო პრეზიდენტს, რადგან არ არსებობს რამე ტიპის უფლება, რომლის გამოყენება შეუძლია რომელიმე თანამდებობის პირს და იქვე არ ჰქონდეს ვალდებულება, ახსნას რატომ გამოიყენა ესა თუ ის უფლება“, – განმარტა ბესელიამ.

დეპუტატის თქმითვე, პრეზიდენტმა ხალხს უნდა აუხსნას, კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით რატომ მიიღო გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა- “მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები