სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კოლექცია იქმნება

  საქართველოს საელჩომ ქალაქ პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვანი ნიმუშები გადასცა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა პროექტის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებშიც ქართული კოლექცია შეივსო ისეთი ნაწარმოებებით, როგორიცაა: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მარჯორი უორდროპის თარგმანით, კახა შენგელიას „საქართველოს ისტორია“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემა „უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშები“, ოთარ ჭილაძის „აველუმი“, თამარ ლომიძის „ქართული სამზარეულო“ და ქართველ ავტორთა ჯგუფის „საქართველოში ფრინველების შესწავლის მეგზური“. ასევე უცხოელ მწერალთა ნამუშევრები საქართველოზე – რონ ასმუსის „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ და დონალდ რეიფილდის „იმპერიათა საზღვარზე: საქართველოს ისტორია“.
2013 წლის 25 იანვარს, წიგნების გადაცემა, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, განხორციელდა. მემორანდუმი სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საქართველოს მდიდარი ისტორიისა და ლიტერატურის გაცნობისთვის ქართული კოლექციის შექმნას ითვალისწინებს. ქართული კოლექციის დაცვასა და პატრონაჟზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ზრუნავს და მისი კიდევ უფრო გამრავალფეროვნება უახლოეს მომავალში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება ასევე დაგეგმილია, ეროვნული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა ორმხრივი ვიზიტებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები