სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძის (საქართველო) და მოსამართლე ერდენებალსურენ დამდინის (მონღოლეთი) მიმართ ახალი სანქციების გამოცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას ჰააგის სასამართლო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ეს სანქციები არის აშკარა თავდასხმა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო ინსტიტუტზე, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა რეგიონის წევრი სახელმწიფოების მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად.
„წევრი სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც მართლმსაჯულების განმახორციელებელ პირებს კანონის აღსრულების გამო ემუქრებიან, საფრთხე თავად საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს ექმნება.
როგორც ადრე აღინიშნა, სასამართლო მტკიცედ დგას თავისი პერსონალის და წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლთა გვერდით. სასამართლო გააგრძელებს საკუთარი მანდატის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შესრულებას, რომის სტატუტის სრული დაცვითა და საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.